ბორჯომის პარკი

ბორჯომის პარკი

ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი“ ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — XIX საუკუნის საბაღე-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი საქართველოში, ქალაქ ბორჯომში. მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

პარკი მოიცავს მდინარე ბორჯომულას ღრმა და ვიწრო ხეობას, რომელიც იწყება მდინარის ქვემო წელზე, გრძელდება მდინარის დინების გაყოლებაზე 3 კმ-ზე და მთავრდება გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყაროს აბაზანებით. ბუნებრივი ტყის საფარით დაფარული ვიწრო გზა, მდინარის ხან მარჯვენა ხან მარცხენა მხარეს მიდის და ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდების საშუალებით.

პარკში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდში აშენებული ისტორიული წყაროების ნაგებობები, ბორჯომის წყლის ჩამოსასხმელი შენობა და ჰიდროელექტროსადგური. პარკის ტერიტორიაზე დგას XXI საუკუნის შენობები: კინოთეატრი, კაფეები, საპირფარეშოები, ხიდები და ატრაქციონები.